ლუკა თურქაძე ჩვენი პროექტის შესახებ

დამატების თარიღი: 27 August 2019 / 17:07

რა იქნებოდა, შეგვეძლოს ზაფხულის ერთ კვირაში ახალი სამყაროს აღმოჩენა და, ამავდროულად, გონებაგახსნილ, განვითარებულ ადამიანებთან შეხვედრა, ასევე ჩვენი შინაგანი მეს პოვნა და გართობა ერთად? ვფიქრობ, სწორედ ამგვარად გავატარე ერთი კვირა ბაკურიანში Digital Storytelling-ის სწავლისას.

21-ე საუკუნე რევოლუციურია ტექნოლოგიის განვითარების თვალსაზრისით. თითქმის ყველა ადამიანს აქვს საკუთარი სმარტფონი, კამერა, ან თუნდაც ლეპტოპი. ჩვენ მარტივად შეგვიძლია სურათისა თუ ვიდეოს გადაღება. მაგრამ მარტივია სურათებითა და ვიდეოებით ჩვენი ამბის გადმოცემა? ჩემი აზრით – არა.
სწორედ ეს ვისწავლე ბაკურიანში ყოფნისას – როგორ გადმოვცე ჩემი ამბავი სურათებით, ვიდეოებით, ნახატებით და გავხადო ის იმდენად საინტერესო, რომ ყველა ინტერესითა და ემოციით უყურებდეს… ზოგმა შეიძლება იტიროს ან იცინოს, ზოგი საკუთარ თავს აღმოაჩენს შენს ამბავში… სწორედ ამიტომ მიყვარს Digital Storytelling. ძალიან ემოციურია როდესაც უყურებ და უსმენ პიროვნების ამბავს, რომელმაც იგი სრულად შეცვალა, გახადა იგი ძლიერი და მტკიცე, გაააზრებინა ყველა თავისი სუსტი მხარე და საბოლოოდ ჩამოაყალიბა ახალ პიროვნებად, რომელიც მზადაა ცხოვრების სირთულეებს შეეჭიდოს არათუ შიშით, არამედ მოტივაციითა და მონდომებით.

მხოლოდ ერთი კვირა გავატარე ბაკურიანში მეგობრებთან და კოორდინატორებთან ერთად და ისეთი გრძნობა მქონდა, რომ მათ მანამდეც ვიცნობდი დიდი ხნის მანძილზე, რადგან ეს იყო განსაკუთრებული კვირა განსაკუთრებული გამოწვევებით სავსე. მე ვისწავლე თუ როგორი მნიშვნელოვანია, გაუზიარო შენი ამბავი სხვებს და, ამავდროულად, ისიამოვნო ამით.

საბოლოოდ, ბაკურიანში გატარებული თითოეული დღე ძალიან ამაღელვებელი იყო. კონტაქტი მქონდა უცხოელ მონაწილეებთან და კოორდინატორებთან, რაც ჩემთვის ერთგვარი გამოწვევა იყო, როგორც ენობრივი ბარიერის გადალახვის მხრივ, ასევე ჩემი ამბავის გაზიარების თვალსაზრისით. გულწრფელად რომ ვთქვა, თავიდან მეშინოდა, როდესაც პროექტში მონაწილეობას ვიწყებდი, თუმცა ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ვიდეოც კარგი გამომივიდა და უფრო თვითდაჯერებული გავხდი. მსურს, მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, რომლებიც ქმნიან ამგვარ პროექტებს, რათა ცნობიერება აამაღლონ საზოგადოებაში.
ეს ერთი კვირა იყო ყველაზე დაუვიწყარი ჩემს ცხოვრებაში.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace