მასუ მწარიაშვილი ჩვენი პროექტის შესახებ

დამატების თარიღი: 27 August 2019 / 17:03

ბაკურიანის 6 დღე, ალბათ, გამოცდილებაა, რომელიც არსდროს დამავიწყდება, რადგან ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ასეთ პატარა დროში, ამდენი რაღაც შეიცვლებოდა ჩემში. იმის გარდა, რომ ვისწავლე digital storytelling – ის მთავარი პრინციპები, ვიდეოს მონტაჟი, წერა და სათქმელის საუკეთესოდ გადმოცემა, ვისწავლე ჩემი ისტორიის მოყოლა, საზოგადოებაში აზრის გამოთქმა და ჯგუფთან ერთად მუშაობა. 6 დღის განმავლობაში გავიცანი ბევრი ადმიანი, სხვადასხვა რეგიონიდან, განსხვავებული ისტორიით. თითქოს 6 დღე ძალიან ცოტაა, რომ ვინმეს დაუმეგობრდე და შეგიყვარდეს, მაგრამ ჩემთვის, ეს დღეები საკმარისი აღმოჩნდა, რათა ძალიან ბევრ ადამიანს დავახლოვებოდი და მეგობრებად დავრჩენილიყავით პროექტის შემდეგაც. მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ მიმიღია მონაწილეობა სხვადასხვა პროექტში, ასეთი ტიპის ვორქშოფზე პირველად ვიყავი, სახლიდან შორს და უცხო ადამიანებთან ერთად. პროექტამდე ცოტა ვნერვიულობდი, რადგან ეს ჩემი პირველი ნაბიჯი იყო – როგორც დამოუკიდებელი ადამიანის, თუმცა პირველივე დღიდან საუკეთესო ადგილას აღმოვჩნდი, სადაც შეიქმნა ისეთი გარემო, რომელშიც არ მრცხვენოდა აზრის გამოთქმა და ვგრძნობდი პატივისცემას პროექტში მონაწილე ადამიანებისგან. ყველას აინტერესებდა ერთმანეთის ისტორია და ვცდილობდით ჩვენი გამოცდილებით ან ისტორიის მოყოლით დავხმარებოდით ერთმანეთს, ან უბრალოდ, გავთავისუფლებულიყავით. განსხვავებულ ადამიანებს განსხვავებული ისტორიები გვქონდა, ზოგს თავის ისტორია მოწონდა, ზოგს – არა. ზოგი ამაყობდა, ზოგს კი რცხვენოდა, მაგრამ ყველა ამბავი იყო საინტერესო და გამორჩეული. თითოეული ჩვენგანი ვგრძნობდით, რომ ჩვენი ყოველი სიტყვა მნიშვენელოვანი იყო და ეს გვაძლევდა მოტივაციას გაგვეკეთებინა ჩვენი მაქსიმუმი. ბევრი რამ მომეწონა ამ ვორქშოფზე, თუმცა ალბათ ყველაზე მეტად ის, რომ ახლა მაქვს საშუალება და მზაობა იმისა, რომ გავუზიარო ჩემი ისტორია და აზრები სხვებს. დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე თითოეულმა, როგორც მენტორმა, ასევე მონაწილემაც და ვიდეოს ჩვენების შემდეგ მათმა შეფასებებმა და თანადგომამ, ალბათ გამიორმაგა საკუთარი თავის რწმენა, რაც ძალიან მჭირდებოდა. მივხვდი, რომ ყველა ადამიანს აქვს ისტორია, რომლის მოყოლაც სურს და ეს ისტორია ყოველთვის საინტერესო იქნება. ბაკურიანში გატარებული 6 დღე ალბათ დაუვიწყარი მოგონება იქნება ჩემს ცხოვრებაში, რადგან იქ შევიძინე დიდი გამოცდილება და განსაკუთრებული უნარები რაც დამეხმარება, ჩემი ცოდნა გავუზიარო სხვებს და დავეხმარო მათ, საკუთარი ისტორიების მოყოლაში.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace