უცხოელი სტუდენტების ძირითადი პრობლემები საქართველოში

დამატების თარიღი: 02 November 2014 / 16:11

კავკასიის ახალგაზრდული კავშირისა და მასტერფის საქართველოს ორგანიზებით  უცხოელ სტუდენტებთან 3 საჯარო შეხვედრა გაიმართა სახელწოდებით „მრგვალი მაგიდა მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის“.  ჩატარდა ასევე სოციალური კვლევაც, რომლის ფარგლებშიც  40 უცხოელი ახალგაზრდა გამოიკითხა, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში სწავლობენ. ღონისძიებების  მთავარი მიზანი იმ პრობლემების შესწავლა იყო, რომლებიც საქართველოში უცხოელ სტუდენტებს ყოველდღიურად ექმნებათ.

შეხვედრებსა და გამოკითხვაში 150-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა შრი-ლანკიდან, კამბოჯადან, ინდოეთიდან, პაკისტანიდან, ფილიპინებიდან, ნიგერიიდან, სირიიდან, ერაყიდან, ირანიდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან და კონგოდან.

ძირითად პრობლემად გამოიკვეთა უცხოელებისადმი რასისტული და ნაცისტური დამოკიდებულება, აგრესია და შეურაცხმყოფელი რეპლიკები, რომლებსაც კონფლიქტებიც  მოჰყვება. ქართული საზოგადოების მხრიდან შეინიშნება სტერეოტიპული აზროვნებაც.

ბოლო პერიოდში ყველაზე აქტუალური ვიზების გაცემის თემა გახდა. საქართველოში საელჩოების არარსებობის გამო ნიგერიელებს, პაკისტანელებს, ინდოელებსა და ფილიპინელებს თურქეთში ჩასვლა უწევთ, რაც დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული. სტუდენტთა ნაწილს კი სასწავლო ვიზის გახანგრძლივებაზე უარის შემთხვევაში ქვეყნის დროზე ადრე დატოვებაც უხდება.

საქართველოში არ არსებობს ორგანო რომელიც უცხოელი სტუდენტების უფლებების დაცვაზე იზრუნებს, ამაც არს საელჩოები, არც სამინისტროები და არც უნივერსიტეტები არ თვლიან თავიანთ მოვალეობად. ხშირ შემთხვევაში მათი პრობლემა რჩება პრობლემად და არავინ კისრულობს პასუხისმგებლობას.

კიდევ ერთი პრობლემური საკითხია ენის ბარიერი. მონაწილეების განცხადებით, საქართველოში ინგლისურ ენაზე მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილი საუბრობს, ნაწილი კი მათთან კომუნიკაციაზე უბრალოდ უარს ამბობს. უცხოელებისთვის უმაღლეს სასწავლებელში არ არსებობს ენის სპეციალური კურსები. სირთულეები ექმნებათ სხვადასხვა ოფიციალურ სტრუქტურასა და დაწესებულებაშიც, სადაც დოკუმენტების მიღება მხოლოდ ქართულ ენაზე ხდება.

გამოკითხულთა განცხადებით, ისინი ხშირად ხვდებიან ეთნო-კულტურულ პრობლემებსაც როგორებიცაა: მოწევა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და საცხოვრებელი ბინების დაქირავების პრობლემა. ბინების მესაკუთრეთა ნაწილი უარს ამბობს უცხოელებისთვის საცხოვრებელი ფართის მიქირავებაზე, ნაწილი კი ორმაგ თანხას ახდევინებს დამქირავებლებს. ანალოგიური მდგომარეობაა ტაქსების მომსახურების დროსაც.  ამასთანავე  უცხოელებისთვის რთულია სამუშაო ადგილის პოვნაც, არცერთი დამქირავებელი არ აცხადებს ვაკანსიას, რომელიც საქართველოში მცხოვრებ უცხოელს მოერგებოდა.

კავკასიის ახალგაზრული კავშირი და მასტერფის საქართველო უცხოელი ახალგაზრდების ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაციის თემის კვლევას და გამოკვეთილი პრობლემების გადაჭრის გზებზე მუშაობას აგრძელებს.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace