7 წელი ერთად

დამატების თარიღი: 05 October 2020 / 13:06

ზოგჯერ გრძელი სიტყვა მოკლედ არ ითქმის და ასე იწყება დიდი საქმეები.
“ჩვენ სანთლის შუქზე, ბნელ 90-იანებში დაბადებული და გაზრდილი თაობა ვართ, რომლისთვისაც ისეთ მარტივ რაღაცებს მოჰქონდა ბედნიერება, როგორიც დენის მოსვლა, წვენის ფხვნილები ან ეზოში, გვიან საღამოს სრულ უკუნეთში დამალობანას თამაშია.
ამ მოგონებებს მუდამ თან სდევს თავისებურ სენტიმენტებთან ერთად სიბნელისა და ჩაკეტილობის განცდა.
უნივერსიტეტში სწავლამ სრულიად ახალი ეტაპი მოიტანა ჩვენს ცხოვრებაში, შესაძლებლობა მოგვეცა ჩავრთულიყავით ფორმალური და არაფორმალური განათლების აქტივობებში, ტრენინგებში, სემინარებში.
დიდი მონდომების წყალობით ჩვენ შევძელით საზღვარგარეთ გაცვლით პროექტებში მონაწილეობის მიღება, ეს არ იყო მარტივი, მაგრამ ამოუხსნელი იმედი და ძალა გვამოძრავებდა, გვსურდა დაგვემტკიცებინა საკუთარი თავისთვის და შემდეგ სხვებისთვის, რომ ჩაკეტილი წრე დიდი ძალისხმევით, მაგრამ მაინც შეიძლება გაირღვეს.
საზღვარგარეთ კარგი ნაცნობებისა და ე.წ. პატრონაჟის გარეშე წასვლა ოკეანეში ნავით შეცურვას ჰგავდა, მაგრამ გვჯეროდა, რომ ჩვენი ბავშვობის სიბნელეზე მეტ უკუნში არ აღმოვჩნდებოდით.
სწორედ ასეთი ნავი გახლდათ არასამთავრობო ორგანიზაცია „კავკასიის ახალგაზრდული კავშირი“ (CAYNEX), რომელიც 2013 წელს დავაფუძნეთ მეგობრებთან ერთად მისიით – რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდისათვის შეგვექმნა არაფორმალური განათლების სივრცეები და მიგვეცა შესაძლებლობა ჩვენსავით აღმოეჩინა ახალი სამყარო.
თითოეული ადამიანი, რომელიც კომფორტის ზონას ტოვებს და იწყებს ქმედებას, ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე აწყდება სირთულეებს, სადაც მხოლოდ ადგილზე გაჩერებაში და ხელის ჩაქნევაში ჩანს გამოსავალი.
პირველი სამი წლის განმავლობაში ვცდილობდით ამ დაბრკოლებების გადალახვას, ბევრი თანამოაზრე შემოგვეცალა, რომელსაც არ ეყო ენთუზიაზმი, ოფისის არქონის პირობებში, უნივერსიტეტის ცარიელ აუდიტორიაში ეარა შეხვედრებზე, ფული შეეგროვებინა და დაებეჭდა მონაწილეთა სერტიფიკატები, თავისი სახსრებით ეყიდა ინტერნეტ დომეინი საიტის ამუშავებისთვის და ა.შ.
ჩვენი ენთუზიაზმი საკმარისი აღმოჩნდა ყველა პრობლემის გადასალახად და ორგანიზაციის დაარსებიდან შვიდი წლის განმავლობაში შევძელით საქართველოს რეგიონებში, სოფლებში, სკოლებში, სადაც ჩვენსავით მოტივირებულ ახალგაზრდებს ვხედავდით, ჩაგვეტანა არაფორმალური განათლების პროექტები და დავხმარებოდით იმ პირველი ნაბიჯის გადადგმაში, რომელიც წარმატების საწინდარია.
ამ პერიოდში ჩვენს ანგარიშზე უკვე 300-მდე პროექტი და ათიათასობით მონაწილე ახალგაზრდაა, მხოლოდ 2019 წელს ორგანიზაციის ეგიდით ჩატარდა 99 პროექტი, რომელშიც მონაწილეობა 15 ათასმა ქართველმა და 410-მა ევროპელმა ახალგაზრდამ მიიღო.
ამჟამად ჩვენ წარმოვადგენთ ოთხი ახალგაზრდული ორგანიზაციის ალიანსს, რომლებსაც თავისი უნიკალური თემატიკა აქვს. ესენია: MasterPeace Eastern Partnership and Central Asia Regional Hub, Let’s do it – Georgia, CaYNex და Rotaract Club of Tbilisi International.
გვსურს მადლობა გადავუხადოთ თითოეულ იმ ადამიანს, მათ შორის მონაწილე ახალგაზრდებს, რომლებიც გვერდში გვედგნენ 7 წლის განმავლობაში.
წინ ბევრი გამოწვევა გველის, მაგრამ ახლა უკვე გვყავს გუნდი საჭირო ცოდნით და გამოცცდილებით, რომლისთვისაც ღირებულია ის საქმე რასაც ვაკეთებთ.
ჩვენ არ ვჩერდებით. “

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace