სტატია სიგარეტის ნამწვის მავნებლობაზე

დამატების თარიღი: 09 May 2021 / 22:10

მთელს მსოფლიოში მწეველები ყოველწლიურად ყიდულობენ დაახლოებით 6,5 ტრილიონ სიგარეტს. ეს არის 18 მილიარდი სიგარეტი ყოველდღე. მიუხედავად იმისა, რომ თამბაქო და ქაღალდის შეფუთვათა უმეტესობა იშლება მოწევის დროს, ყველაფერი არ იწვის. რჩება ტრილიონობით სიგარეტის ფილტრი, რომელთა მხოლოდ მესამედი ხვდება ნაგვის ურნაში, დანარჩენი კი მიმოფანტულია მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

სიგარეტის ფილტრები მზადდება პლასტმასისგან, რომელსაც ეწოდება ცელულოზის აცეტატი.  თამბაქოს კომპანიებმა სცადეს სხვადასხვა სახის ფილტრული მასალები, როგორიცაა ბამბა, ნახშირი და საკვები სახამებელი, თუმცა არჩევანი  პლასტმასის ბოჭკოზე, ცელულოზაზე შეაჩერეს. გარემოში დაყრისას ისინი არა მხოლოდ პლასტმასს, არამედ ნიკოტინს, მძიმე მეტალებსა და სხვა უამრავ ქიმიკატებს გამოყოფენ.

ბოლოდროინდელმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ სიგარეტის ნამწვი აფერხებს მცენარის ზრდას. NBC News– ის თანახმად, არასამთავრობო ორგანიზაციამ Ocean Conservancy-მ მოხალისეებმა 1986 წლიდან მოყოლებული 60 მილიონზე მეტი სიგარეტის ფილტრი შეაგროვა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნები დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლაში იღებენ მონაწილეობას, პლასტიკური პარკებისა და ბოთლების აკრძალვით, გარემოს დაცვისა და ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციები ყურადღებას ამახვილებენ ოკეანეების ყველაზე დიდ პრობლემაზე – სიგარეტის ნამწვის შეზღუდვაზე.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მწეველი ხშირად აგდებს სიგარეტის ნამწვს სანაპიროზე და არა პირდაპირ წყალში, ნამწვავი მაინც  ხვდება ოკეანეში, ქარიშხლების, ნაკადებისა და მდინარეების მეშვეობით. წყალში მოხვედრის შემდეგ ისინი იშლებიან და გამოყოფენ  ნიკოტინს, დარიშხანსა და ტყვიას, რაც ძალიან დიდ ზიანს აყენებს წყლის ბინადრებს.

Clean Virginia Waterways-ის მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მხოლოდ ერთი სიგარეტის ნამწვის 4 ლიტრ წყალში ჩაგდება სასიკვდილოა  წყლის რწყილების ან კიბოსნაირებისთვის, რომლებიც ამ წყალში ბინადრობენ.

გადაგდებული სიგარეტის ნამწვი ასევე მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ჩვენს გარემოს, ხანძრის თვალსაზრისით. ყოველწლიურად ტყეების ხანძარი სწორედ ნამწვის გადაგდების გამო ხდება. ნადგურდება ტყის დიდი ტერიტორია, რომლის დაბრუნებასაც წლები სჭირდება.

სინდი ზიპფი, Clean Ocean Action- ის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ სიგარეტის ნამწვავი ბევრად ჰგავს ზღვის ზედაპირზე არსებულ საკვებს, ამიტომაც ზღვის ორგანიზმები ჭამენ მას. სიგარეტის ფილტრის ფრაგმენტები ნაპოვნია  ზღვის ფრინველის 70 %-სა და ზღვის კუს 30 %-ში.

დაბინძურების პრობლემა ბოლო წლებში კიდევ უფრო გაუარესდა, რადგან ელექტრონული სიგარეტი, რომელიც ძირითადად  პლასტმასისგან მზადდება, უფრო პოპულარული გახდა.

მე-20 საუკუნეში მოხდა მოწევის აფეთქება. 1900 წელს ამერიკელმა მოზარდებმა წელიწადში საშუალოდ 54 სიგარეტი მოწიეს. 1960 წლისთვის ეს რიცხვი 4000-ზე მეტს აღწევდა. იმ პერიოდის განმავლობაში სიგარეტის ფილტრები არ არსებობდა. ნელ-ნელა, ცხადი გახდა, რომ მოწევა დიდ ზიანს აყენებდა ჯანმრთელობას, ამიტომაც 30-იანი წლების ბოლოდან მეცნიერებმა დაიწყეს კავშირის განხილვა სიგარეტსა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებს შორის.  საზოგადოების შეშფოთების მომატებასთან ერთად, თამბაქოს კომპანიებმა მოიძიეს გადაწყვეტილებები, რომელთაგან ერთი იყო სიგარეტის ფილტრები. 1950-იანი წლების ბოლოს ფილტრიანი სიგარეტის გაყიდვებმა გაუფილტრავ სიგარეტს გაუსწრო.

დღეს მსოფლიოში 1 მილიარდზე მეტი მწეველია და თუ ამჟამინდელი ტენდენციები გაგრძელდება, 2025 წლისთვის ეს რიცხვი 1.6 მილიარდამდე გაიზრდება.

ჩინეთში ცხოვრობს 300 მილიონზე მეტი მწეველი (მსოფლიოს მწეველთა მესამედი) და ისინი წელიწადში მოიხმარენ დაახლოებით 2,3 ტრილიონ სიგარეტს. მსოფლიოში, წუთში დაახლოებით 10 მილიონი სიგარეტი იყიდება.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace