KA3 Erasmus+ ის პროექტის ფარგლებში, 5-10 მაისს, Caynex-ის ორგანიზაციული ჯგუფი გაემგზავრა კონფერენციაზე ჰააგაში, სადაც 7 ევროპულ ქვეყანასთან ერთად განიხილეს დღეს-დღეობით ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა – ახალგაზრდების ჩართულობა დემოკრატიულ ინსტიტუციებში.
კონფერენციის ძირითადი მიზნები იყო:
• ახალგაზრდების აქტიურობის გაზრდა დემოკრატიულ ინსტიტუციებში.
• ცნობიერების ამაღლება.
• რეალური გეგმების დასახვა მათი ჩართულობის ხელშესაწყობად.
• ზემდგომი უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაკავშირება საერთო მიზნების განსახორციელებლად.
• საერთაშორისო პარტნიორობის მოძიება და თანამშრომლობის დამყარება.
• მწვავე პრობლემებზე ორიენტირება და მათი გადაჭრის გზების დასახვა.
აღნიშნული პროექტის განმავლობაში, ქართული დელეგაცია უცხოელ პარტნიორებთან ერთად ეწვია ჰააგის პარლამენტს, სადაც მხარეებმა გაიცნეს ნიდერლანდების სახელმწიფოებრივი სისტემა და შეხვდნენ უწყების წარმომადგენელს. ასევე მოხდა აზრთა და იდეოლოგიათა გაცვლა, დისკუსია ახალგაზრდულ ჩართულობაზე და არსებულ სიტუაციათა შედარება.
კონფერენციის განმავლობაში Caynex-ის ჯგუფი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად შეხვდა უკრაინისა და სომხეთის ელჩებს ნიდერლანდებში, სადაც ისაუბრეს ქვეყნებს შორის პოზიტიურ კავშირებზე, ახალგაზრდების ჩართულობის ზრდასა და მათი წახალისების გზებზე. ასევე მთავრობის წარმომადგენლებთან გაიმართა დისკუსია და დებატები თითოეულ ქვეყანაში არსებულ სიტუაციასა და მათი საერთო პრობლემების ხასიათზე.
KA3 კონფერენციის პერიოდში ხაზი გაესვა 7 ქვეყანას შორის თანამშრომლობის, კოოპერაციისა და გუნდურობის მნიშვნელოვნებას. თითოეული ორგანიზაციის მიერ წარდგენილმა წევრებმა, ლიდერებმა და მთავრობის წარმომადგენლებმა დასახეს რეალური გეგმები ახალი და არსებული თაობების პრობლემებზე ორიენტირებულობის გაზრდასა და ხელშწყობასთან დაკავშირებით.
პროექტის საბაზისო და სამომავლო ღონისძიებებისა და ეტაპების დაგეგმვაში აქტიურად თანამშრომლობდა საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი, რომელიც მონიტორინგს უწევდა პროექტის მსვლელობას, ხელს უწყობდა დისკუსიების პოზიტიურად წარმართვას და ახალგაზრდა ორგანიზაციის წევრებთან ერთად მსჯელობდა ქვეყნების სამომავლო კეთილდღეობისთვის რეალური გეგმების დასახვის გზებზე.
კონფერენციის დასასრულს, თითოეულმა მონაწილე ქვეყანამ წარადგინა პარტნიორებთან ერთად შექმნილი ანგარიში, რომელიც ახალგაზრდებთან მუშაობის პროცესში, სამომავლოდ უნდა იქნეს განხორციელებული .
აღნიშნული მოიცავს 7 ქვეყნისთვის, როგორც საერთო ისე ინდივიდუალური მიდგომებისა და მეთოდიკების ნუსხას, რომლებიც მიმართული იქნება დემოკრატიულ ინსტიტუციებში სოციუმის ახალგაზრდული ფენის ჩართულობის ასამაღლებლად.
Caynex-ის არასამთავრობო ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ წარმატებით დაასრულა KA3 კონფერენცია ჰააგაში და სამომავლოდ მიზნად ისახავს აღნიშნულ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავებასა და საერთო გეგმებზე ნაყოფიერი მუშაობის გაგრძელებას. ამასთან, Caynex გამოხატავს მის ღრმა პატივისცემასა და მადლიერებას არასამთავრობო ორგანიზაცია WEST-EAST BRIDGES-მიმართ, ღონისძიების წარმატებით ჩატარებისთვის.