”მასტერფის საქართველოს” ქვეყნის კოორდინატორი და “კავკასიის ახალგაზრდული კავშირის” საგარეო საქმეთა ოფისის ხელმძღვანელი ლევან გორგაძე მონაწილეობდა გაცვლით პროგრამაში ”Open The Doors” სომხეთში, ერევანში, სადაც წარადგენდა ”კავკასიის ახალგაზრდულ კავშირს” და ”მასტერფის საქართველოს”. პროექტში ასევე მონაწილეობდნენ უკრაინის, პოლონეთის, ლიტვის, უნგრეთის, რუმინეთის, თურქეთის, სომხეთის, სლოვენიის და ბელარუსიის წარმომადგენლები.
პროექტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა ერევნის მერის მოადგილესთან, რომელზეც ქალაქის და ქვეყნის მართვაში ახალგაზრდების ჩართულობის საკითხი განიხილეს.
პროექტის მონაწილეებმა დაათვალიერეს ერევნის კომპიუტერული და რობოტიკის ცენტრი “ტუმო” და გაეცნენ მათი მუშაობის პრინციპებს. აღნიშნულ ცენტრში ყველა ბავშვს სრულიად უფასოდ შეუძლია განათლების მიღება ვებ დიზაინში, კომპიუტერულ მეცნიერებებში, ფილმის მომზადებაში და სხვა.
პროექტის ფარგლებში ყველა ქვეყნის მონაწილემ წარმოადგინა საკუთარი ნაციონალური საჭმელი, სასმელი, მუსიკა, ცეკვა, ტრადიციული სამოსი და პრეზენტაციები ქვეყნის ზოგადი მიმოხილვით.
პროექტის განმავლობაში მოეწყო ექსკურსია სკაუტების ცენტრში, სადაც მონაწილეები შეხვდნენ ადგილობრივ სკაუტებს და გაეცნენ მათი ცხოვრების წესს.
პროექტის კულმინაციას წარმოადგენდა ”ვართავარ ფესტივალი”. აღნიშნული ფესტივალი ყოველ ზაფხულს ტარდება სომხეთში, ივლისის ბოლო კვირას ან აგვისტოს დასაწყისში. წელს მთავარი ღონისძიება გაიმართა გარნიში. პროექტის მონაწილეებმა წარადგინეს საკუთარი ნაციონალური ცეკვები და სიმღერები.
პროექტის განმავლობაში ჩატარდა სხვადასხვა ტიპის ტრენინგი: Youth in Action, Eramsus+, Art Therapy და სხვა.