მრგვალი მაგიდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

დამატების თარიღი: 01 March 2016 / 15:42

2016 წლის 29 თებერვალს უცხოელ სტუდენტთა უფლებების დაცვისა და ინტეგრაციის ცენტრმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინი უნივერსიტეტში მრგვალი მაგიდა გამართა. შეხვედრის მიზანი საქართველში მცხოვრები უცხოელი სტუდენტების პრობლემების იდენტიფიცირება და გადაჭრის გზების დასახვა იყო. ღონისძიებას ესწრებოდა 15 სხვადასხვა ეროვნების სტუდენტი, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში სწავლობენ, მათ შორისაა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. შეხვედრას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები სხვადასხვა სამინისტროებიდან. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან – სტუდენტთა სოციალური ხელშეწყობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი ეკა რურუა და უმაღლესი განათლების განვითარების სამმართველს მთავარი სპეციალისტი ნინო სვანიძე. სახალხო დამცველის აპარატიდან ღონისძიებას სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული დეპარტამენტის თანამშრომელი ბექა ჯავახაძე დაესწრო. ღონისძიების პირველ ეტაპზე ცენტრის თანამშრომლებმა აუდიტორიას გააცნეს ორგანიზაციის საქმიანობა, მთავარი მიზნები, შემდეგ კი შეხვდრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. სტუდენტებმა ისაუბრეს დიკრიმინაციულ ფაქტებზე საზოგადოების მხრიდან, ვიზის და დროებითი ბინადრობის პრობლემებზე, სამართალდამცავ ორგანოებთან დაკავშირებულ პრობლემებზე, ასევე განათლების სისტემაში არსებულ გაუგებრობებზე. სტუმრებმა თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გასცეს პასუხი სტუდენტების შეკითხვებს, მისცეს მათ კონკრეტული დირექტივები, თუ როგორ შეუძლიათ გაუმკლავდნენ არსებულ დაბრკოლებებს. წარმომადგენლები მოწვეული იყვნენ ასევე შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებიდან, თუმცა სამწუხაროდ ვერ მოახერხეს დასწრება. ცენტრი მადლობას უხდის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციას გაწეული დახმარებისთვის და ღონისძიების ყველა მონაწილეს საინტერესო, ნაყოფიერი შეხვედრისთვის.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace