Erasmus+ ის პროგრამის ფარგლებში, 21 ივნისი-2 ივლისის ჩათვლით, სომხეთში, წახკაძორში, განხორციელდა ახალგაზრდული პროექტი – „ახალგაზრდები რეგიონალურ ტურიზმში“ (Youth In Rural Tourism). 40-მდე ირლანდიელ, ფრანგ, გერმანელ, უკრაინელ და სომეხ ახალგაზრდასთან ერთად, საქართველოს სახელით პროექტში მონაწილეობდა ნიკოლოზ ყალიჩავა, მირიან სილაგაძე, ქეთევან გორდეზიანი, თამუნა გეგელაშვილი, სალომე ლომსაძე და ნინო ხუროშვილი.
არაფორმალური სწავლების მეთოდების გამოყენებით, პროექტი მიზნად ისახავდა, მონაწილეებში განევითარებინა სოციალური აქტივიზმისა და მეწარმეობის უნარები რეგიონალური ტურიზმის სფეროში; მათ შორის, ბიზნეს იდეის შექმნის, პროექტის მომზადებისა თუ განხორციელების მიმართულებით. პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდებს ასევე შესაძლებლობა მიეცათ, მოემზადებინათ პრეზენტაციები და სხვა მონაწილეებისთვის გაეცნოთ მეწარმეობის პროცესში გამოყენებადი ელექტრონული პლატფორმები/მექანიზმები.
პროექტის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენდა ახალგაზრდებს შორის კულტურათა მიმოცვლა და ტოლერანტული გარემოს შექმნა. ამ მიმართულებით განსაკუთრებით აღსანიშნავია ინტერკულტურული საღამოები, რომლის ფარგლებშიც თითოეული ქვეყნის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცათ, სხვა მონაწილეებისთვის გაეცნოთ საკუთარი ქვეყნის ტრადიციები, კულტურა, მუსიკა თუ სამზარეულო.
პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდებმა ასევე მოინახულეს სომხეთის ღირსშესანიშნაობები: სევანის ტბა, გარნის ტაძარი, კასკადი, სერგეი ფარაჯანოვის მუზეუმი ერევანში და სხვა.
კავკასიის ახალგაზრდული კავშირი მადლობას უხდის პარტნიორ ორგანიზაციებს პროექტისთვის და აგრძელებს ერასმუს + ის პროგრამაზე მუშაობას.