მრგვალი მაგიდა – მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის 3

დამატების თარიღი: 08 October 2014 / 22:19

2014 წლის 8 ოქტომბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, “კავკასიის ახალგაზრდული კავშირისა” და “მასტერფის საქართველოს” ორგანიზებით გაიმართა პროექტის “მრგვალი მაგიდა – მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის”, მე-3 დასკვნითი ნაწილი. შეხვედრას ესწრებოდნენ სტუდენტები აფრიკის, ახლო აღმოსავლეთისა და აზიის სხვადასხვა ქვეყნებიდან. მრგვალი მაგიდის მთავარ თემას წარმოადგენდა უცხოელი სტუდენტებისა და ზოგადად უცხოელების ინტეგრაციის პროცესი ქართულ საზოგადოებაში, ასევე მათი პრობლემებისა და სირთულეების გამოვლენა, რომელსაც ყოველდღიურად აწყდებიან საქართველოში.

შეხვედრის მთავარი, აქტუალური თემა იყო ვიზების აღების პროცესი, რომლის გამოც ბევრი სტუდენტი იძულებული ხდება დატოვოს საქართველო და შეწყვიტოს სწავლა. ასევე ინფორმაციის ნაკლებობა სხვადასხვა უწყებებიდან და გაურკვეველ ვითარებაში ყოფნა. მონაწილეებმა ისაუბრეს  მედიის აქტუალობაზე და მათი მხრიდან ნიჰილისტურ დამოკიდებულებაზე უცხოელი სტუდენტების მიმართ, კონკრეტულად კი საზოგადოების აზრის ფორმირებაში მედია დიდ როლს თამაშობს და მათ შეუძლიათ იმუშაონ უცხოელის ტუდენტების საქმიანობის გაშუექებაზე, რის შედეგადაც შეიცლლვება ჩვენი თანამოქალაქეების დამოკიდებულება მათ მიმართ, თუმცა ეს ასე არ ხდება და როგორც ერთ-ერთმა მონაწილემ აღნიშნა ბევრისთვის არაბები მხოლოდ კამიკაძეებთან და ტერორისტებთან ასოცირდება. ასევე ისაუბრეს ისეთ პრობლემებზე როგორიცაა ენობრივი ბარიერი, საზოგადოების მხრიდან უპატივცემულო და გულგრილი დამოკიდებულება მათდამი, უნივერსიტეტების მხრიდან არანაირი დახმარება ვიზის პრობლემის მოსაგვარებლად და ინფორმაციის, ნიუსების   საიტებზე მხოლოდ ქართულ ენაზე არსებობა, რის გამოც მათ არ ეძლევათ საშუალება გაეცნონ ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ თემებს.
აღნიშნული მრგვალი მაგიდების ციკლი პროექტის პირველ ეტაპს წარმოადგენდა, რაც სტუდენტებთან შეხვედრასა და მათი პრობლემების გაცნობაში გამოიხატებოდა. მეორე ეტაპზე იგეგმება დამატებითი სოციოლოგიური კვლევის ჩატარება და შემდგომში ერთიანი დოკუმენტის მომზადება, სადაც ასახული იქნება ყველა ის პრობლემა რომელიც პროექტის განმავლობაში გამოიკვეთა. აღნიშნული დოკუმენტი გადაეგზავნება ყველა შესაბამის სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურას.

კავკასიის ახალგაზრდული კავშირი და მასტერფის საქართველო  მადლობას უხდის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს გაწეული დახმარებისთვის.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace