ნარჩენების პრობლემა საქართველოში

დამატების თარიღი: 10 June 2018 / 16:35

დღესდღეობით ნარჩენებისგან  გარემოს დაცვა და მათი  რაციონალური მართვა მსოფლიოს არაერთი ქვეყნის  სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.

ნარჩენების წარმოქმნის და მათი უარყოფითი გავლენის პრევენციისა და შემცირების მიზნით, 2017 წლის   20 აპრილიდან საქართველოში ამოქმედდა ახალი რეგულაცია  არსებული კანონის –  „ნარჩენების მართვის კოდექსი“ – ფარგლებში.  „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურის  ინსპექტორები მოქალაქეებს გარემოს დაბინძურებისთვის აჯარიმებდნენ. თუმცა მანამდე ორი კვირის განმავლობაში ინსპექტორები დედაქალაქის ქუჩებში მოქალაქეებს აფრთხილებდნენ  და ინფორმაციას აწვდიდნენ საჯარიმო სანქციებთან დაკავშირებით.

გასული წლის სტატისტიკამ გამოავლინა, რომ რვა თვის განმავლობაში ( 2017 წლის აპრილი-დეკემბერი) „თბილსერვის ჯგუფის” დასუფთავების სამსახურის ინსპექტორებმა გარემოს დაბინძურებისთვის 3 825 საჯარიმო ოქმი გამოწერეს.

აღსანიშნავია, რომ კანონის ამოქმედების პირველივე დღეს 14 ადმიანისტრაციული ჯარიმიდან 13 სიგარეტის ნამწვის გადაგდებისთვის იქნა გამოწერილი.

საინტერესოა რა საზიანო შედეგს იწვევს ერთი შეხედვით მცირე ზომის სიგარეტის ნამწვი ბუნებაში?!

კავკასიის გარემოსდამცველ არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელ CENN-ში, აღნიშნავენ: „გავრცელებული შეხედულება, რომ სიგარეტის ნამწვი ბუნებაში რამდენიმე დღეში იშლება მცდარია. სინამდვილეში ამ პროცესისთვის მას, ცელულოზის შემცველობის გამო, ათეულობით წელი სჭირდება. სიგარეტის ნამწვი შეიცავს ისეთ მომწამვლელ ნივთიერებას, როგორიცაა დარიშხანი, რომელიც აბინძურებს წყალსა და ნიადაგს და სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს გარემოსთვის.“

დანაგვიანება ნარჩენების არასწორი განთავსების შედეგია, რომელიც იწვევს დაბინძურებას. დაბინძურებას, იქნება ეს გზებზე, ქუჩებსა თუ ნაგვის ურნების მიმდებარედ, უარყოფითი შედეგი მოაქვს ბუნებისთვის. გარემოში ნარჩენის დაყრა – შესაძლოა, პირდაპირ უკავშირდებოდეს ჰაერის, წყლისა და ნიადაგის დაბინძურებას, ეს პროცესი კი ხშირად დაავადებათა გავრცელების რისკსაც ზრდის.

საქართველოში  მოქმედებს „კანონი გარემოს დაცვის შესახებ“, რომლის მიზანია – დაიცვას გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი ადამიანის ძირითადი უფლებები – ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში და სარგებლობდეს ბუნებრივი და კულტურული გარემოთი.

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელშეკრულების მოთხოვნების 302-ე მუხლის თანახმად, საქართველომ საერთაშორისო სტანდარტების დონეზე უნდა მოაგვაროს ჰაერისა და წყლის ხარისხის, ნარჩენების მართვის, ბუნების დაცვის, ჰაერის ინდუსტრიული დაბინძურებისა და ქიმიკატების მენეჯმენტის პრობლემები.

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ჩატარებულ კვლევაში- „საყოფაცხოვრებო ნარჩენები“  ვკითხულობთ:  „ნარჩენების განთავსების ტრადიციული მეთოდი – ნაგავსაყრელებზე განთავსება – ყველაზე ნაკლებმიმზიდველი გახდა ნარჩენების მართვის პროცესში. საპირისპიროდ, ნარჩენების შემცირება და მათი გადამუშავება მსოფლიოს პრიორიტეტად იქცა. საქართველოში ეს ტენდენცია ნელ-ნელა იკიდებს ფეხს.“

ქვეყნის განვითარების სტრატეგიულ გეგმაში  ნათქვამია, რომ დღეისთვის საქართველოში დაახლოებით 900 000 ტონა საყოფაცხოვრებო ნარჩენი წარმოიქმნება. ნარჩენების შეგროვება, ძირითადად, დიდ ქალაქებში  ხდება. მცირე ზომის  ქალაქებსა და სასოფლო დასახლებებში ნარჩენების წარმოქმნა  კვლავ პრობლემად რჩება, რადგან   მათი შეგროვების  საშუალებები არ არსებობს, ხოლო ასეთის არსებობის შემთხვევაში, მოძველებული და არასტანდარტულია,  შეგროვების სისტემა კი – არაეფექტური.

დღესდღეობით  საქართველოში 60-მდე ოფიციალური  და ბევრად მეტი  მცირე ზომის სტიქიური ნაგავსაყრელი აღირიცხება. არ ხდება ნარჩენების განცალკევება და შესაბამისი დახარისხება, რის გამოც მაღალია რისკი, რომ მომწამვლელი ნივთიერები ნაგავსაყრელებზე აღმოჩნდბა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო სამომავლოდ გეგმავს, რომ მნიშვნელოვანი მატერიალური რესურსი  ნარჩენების მართვის თაობაზე სხვა მიმართულებებთან ერთად, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენაც მიმართოს, რადგან დანაგვიანების პრობლემის წარმოშობაზე პასუხისმგებლები უპირველესად თავად ადამიანები არიან.  ჯარიმას ნამდვილად აქვს გავლენა ადამიანების ქცევაზე, როცა საქმე გარემოს დანაგვიანებას ეხება, თუმცა სიტუაციის გამოსწორების პროცესში მთავარ ბერკეტს განათლების დონისა და ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს.

დანაგვიანება ქვეყანას,  სახელმწიფოსა  და თითოეულ მოქალაქეს,  საკმაოდ ძვირი უჯდება. პლასტმასის ბოთლის ბუნებაში სრულად გახრწნას 100-450 წელი სჭირდება, ცელოფნის პარკს 500 წელი, ალუმინის ქილას 80-200 წელი, შუშის ბოთლს 1 000 000 წელი, სიგარეტის ნამწვავს 1-12 წელი, მანქანის  საბურავს 120-200 წელი, თუთიის ფოლგა – არ იხრწნება.

ნარჩენებისგან დედამიწის დაცვა მსოფლიო პრობლემაა,  ამიტომ „Lets do it საქართველო“  პარტნიორ ორგანიზაციებთან, გარემოსდამცველ აქტივისტებთან, მუნიციპალიტეტებთან და საინიციატივო ჯგუფებთან ერთად, მთელი საქართველოს მასშტაბით  2018 წლის 15 სექტემბერს დასუფთავების აქციას მოაწყობს, რომელშიც მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლება. “ნარჩენების ვერდანახვა” დღეს,  გარდაიქმნება მწვავე პრობლემად ხვალ, ამიტომ მეტი გარემოსდამცველი აქტივისტი და მოხალისეა საჭირო ბუნების დასაცავად. მსოფლიო დასუფთავების დღეს უერთდება 150 ქვეყანა, მსოფლიო მოსახლეობის 5%,  სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები, მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიები და სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერები. ერთად დავიცვათ გარემო, რომელიც ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია.

სტატია მოამზადა ნანუკა მაღლაკელიძემ

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace