2019 წლის 4-12 აპრილს, კავკასიის ახალგაზრდული კავშირისა და მასტერფის საქართველოს დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო სომხეთის ქალაქ ვაიკში ერასმუს+ის საერთაშორისო გაცვლით პროექტში „My Way – Defining Your Inner Motivation”, რომელშიც მონაწილეობას იღებდა 30- მდე ახალგაზრდა საქართველოდან, სომხეთიდან, უკრაინიდან, ლიეტუვადან, გერმანიიდან და ნორვეგიიდან.
პროექტის მთავარი მიზანი იყო დახმარებოდა მონაწილე ახალგაზრდებს მოტივაციისა და შთაგონების პოვნაში; ეჩვენებინა მათთვის, თუ როგორ შეეძლოთ ამ ყველაფრის გამოყენება საკუთარი მიზნების მისაღწევად და სხვადასხვა აქტივობებისა და ვორქშოპების საშუალებით პრაქტიკულად გამოეცადათ მიღებული ცოდნა.
პროექტის სამუშაო დღეები დაეთმო მოტივაციასთან დაკავშირებულ საკითხებს; შიდა და გარე მოტივაციის როლს; მასლოუს მოთხოვნილებათა პირამიდის ანალიზს და მის კავშირს ჩვენს მოტივაციასთან. პროექტის ფარგლებში მონაწილეებმა ადგილობრივ სკოლის მოსწავლეებთან ერთად შექმნეს სამოტივაციო დაფები და ერთმანეთს გაუზიარეს სამომავლო გეგმები.
მოეწყო ექსკურსია საკურორტო ქალაქ ჯერმუკში; ასევე მონაწილეები ესტუმრნენ ნორავანქის უძველეს მონასტერს; პროექტის დასასრულს კი შესაძლებლობა ჰქონდათ სომხეთის დედაქალაქი – ერევანი ენახათ. კავკასიის ახალგაზრდული კავშირი მადლობას უხდის მასპინძელ ორგანიზაციას თანამშრომლობისთვის.