2019 წლის 21 სექტემბერს „MasterPeace Eastern Partnership and Central Asia Regional Hub” და “კავკასიის ახალგაზრდული კავშირი“ მშვიდობის საერთაშორისო დღესა და მსოფლიო დასუფთავების დღეს გამოვეხმაურეთ.
ჩვენ ვესტუმრეთ ქ. სურამს და დავასუფთავეთ სურამის რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორია ადგილობრივ ახალგაზრდებთან ერთად. აღსანიშნავია, რომ დასუფთავების აქციას მსოფლიოს მასშტაბით მრავალი ორგანიზაცია შეუერთდა. „ერთად დავასუფთავოთ საქართველო!“ 2019 წელს ამ ფრაზის გარშემო გაერთიანდა ისეთი კომპანიები და ორგანიზაციები როგორებიცაა: „კავკასიის ახალგაზრდული კავშირი“, „Rotaract Club of Tbilisi International”, “MasterPeace Eastern Partnership and Central Asia Regional Hub”, „Let’s Do It Georgia!”, “CENN” და “Socar Georgia Petroleum”. თანამშრომლობის შედეგად აქტივობა გაცილებით უფრო ნაყოფიერი და სასიამოვნო გამოდგა. ჩვენ გავერთიანდით საერთო მიზნის გარშემო, რაც სუფთა და უსაფრთხო გარემოს შექმნას გულისხმობს.
მოხალისეებთან ერთად ზემოხსენებული ტერიტორიის დასუფთავების შემდგომ მოვხატეთ სურამის კულტურის სახლის კედელი გარემოსდაცვით თემატიკაზე. მოცემული აქტივობის ფარგლებში ჩვენთან ითანამშრომლა ახალგაზრდა არტისტმა: ილია ძაძამიამ, რომელიც ნამუშევრებს ზედმეტსახელით „WISE” ასრულებს.
ჩვენ გვსურდა საზოგადოებისთვის შეგვეხსენებინა, რომ დედამიწა ჩვენი სახლია, რომელზეც უნდა ვიზრუნოთ და თავი შევიკავოთ მისი დანაგვიანებისგან. გრაფიტის ხატვის პროცესში ახალგაზრდებმა გამოსცადეს საკუთარი თავი კედლის მხატვრობაში და მიიღეს გარკვეული რჩევებიც მხატვარისგან სპრეი არტთან დაკავშირებით.
აღნიშნული აქტივობა მოიცავდა როგორც გაეროს მსოფლიოს მშვიდობის საერთაშორისო დღის ასევე მსოფლიოს დასუფთავების დღის აღნიშვნას. რაც შეეხება კედლის მხატვრობას, სურამის კულტურის სახლის კედელი მოიხატა „MasterPeace Georgia“ პროექტის „ACT” ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს ოთხ ძირითად მიმართულებას ესენია: Walls of Connection, Digital Storytelling, Concerts and Conferences. Walls of Connection გულისხმობს სოციალურ თემატიკაზე ადგილობრივი თემისთვის მორგებული გრაფიტის შექმნას, რომელიც მოშლის არსებულ ბარიერებს და საზოგადოებას სხვადასხვა პრობლემებს ახლებურად დაანახებს. პროექტის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს არტისტების წახალისება, ახალგაზრდების გააქტიურება და საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება პრობლემური საკითხების შესახებ.
კედლის მოხატვა ასევე დაკავშირებული გახლავთ გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან. ჩვენ გვსურს, რომ ხელი შევუწყოთ მდგრადი განვითარების მიზნების სამ ურთიერთდაკავშირებულ ელემენტს: ეკონომიკურ ზრდას, სოციალურ ინკლუზიასა და გარემოს დაცვას. შესაბამისად ვეხმიანებით გაეროს მდგრადი განვითარების მე-11 მიზანს: „ქალაქებისა და დასახლებების ინკლუზიური, უსაფრთხო და მდგრადი განვითარება“ და ვცდილობთ საქართველოში არსებული სხვადასხვა ქალაქები გაცილებით უფრო ესთეტიური, საინტერესო და შინაარსობრივი გავხადოთ.
აქტივობის ფარგლებში ჩვენ ასევე წარმატებულად ვითანამშრომლეთ ხაშურის მუნიციპალიტეტთან. აღსანიშნავია, რომ ივენთის განმავლობაში ჩვენ გვესტუმრნენ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ისევე როგორც ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი ბ-ნ გიორგი გურასპაშვილი.
ჩვენ მადლობას ვუხდით თითოეულ პარტნიორ ორგანიზაციასა და მოხალისეს გაწეული დახმარებისათვის!