არასამთავრობო ორგანიზაციამ „კავკასიის ახალგაზრდული კავშირმა“ და მასტერფის საქართველოს კლუბმა 21 სექტემბერი მშვიდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონცერტით აღნიშნა. მასტერფის საქართველოს ორგანიზებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერიტეტიდან რუსთაველის მოედნამდე მშვიდობიანი მსვლელობა მოეწყო, რომელშიც ორგანიზაციის აქტივისტები და უბრალო მოქალაქეები მონაწილეობდნენ. მსვლელობის მთავარი სლოგანი, „Be A Nelson“, მოსახლეობას მშვიდობის იდეის პროპაგანდისკენ მოუწოდებდა.
მშვიდობის დღისადმი მიძღვნილ საქველმოქმედო კონცერტში ახალგაზრდა მუსიკოსები ლევან ცხვარაძე (LOUDSPEAKERS), შოთა ადამაშვილი, ანრი ღუდუშაური და ეკო ამყოლაძე მონაწილეობდნენ, რომლებმაც მსენელს საკუთარი შემოქმედება წარუდგინეს.
კონცერტი საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა. შეგროვილი თანხით ორგანიზაცია სოფელ კოდასა და წეროვანში მცხოვრებ 2008 წლის ომით დაზარალებულ ბავშვებს დაეხმარება.
კავკასიის ახალგაზრდული კავშირისა და მასტერფის საქართველოს ორგანიზებით, მშვიდობის თემატიკისადმი მიძღვნილი სხვადასხვა აქტივობაც ჩატარდა. ღონისძიების ფარგლებში ბავშვებმა მტრედები და თეთრი ფრანები გაუშვეს, რაც მშვიდობისა და თავისუფლების ერთგვარი სიმბოლოა. კონცერტის განმავლობაში ორგანიზატორებმა რამდენიმე თემატური კითხვა დასვეს, სწორი პასუხის ავტორები კი წიგნებით დაჯილდოვნენ.
მშვიდობის საერთაშორისო დღისადმი ღონისძიება მასტერფისის მთავარი ოფისის მხარდაჭერით გაიმართა.