Erasmus+ ტრენინგ კურსი „Dialogue Above Judgement”

დამატების თარიღი: 30 November 2019 / 22:05

12-20 ნოემბერს კიდევ ერთი საინტერესო პროექტი ჩავატარეთ ბაკურიანში, სადაც 27 ახალგაზრდული მუშაკი 9 ქვეყნიდან საერთო მიზნებისთვის შეიკრიბა. ეს ქვეყნებია: დანია, ნიდერლანდები, პოლონეთი, ხორვატია, პორტუგალია, საქართველო, სომხეთი, უკრაინა და მოლდოვა. Erasmus+ ტრენინგ კურსის თემა იყო „Dialogue Above Judgement”.
პროექტის მიზნებია:
-კონფლიქტურ გარემოში არსებული პრობლემების და მათი გამომწვევი მიზეზების გამოკვლევა.
-ახალგაზრდა ლიდერებისთვის გამოსადეგი მეთოდოლოგიების და ტექნიკების სწავლება, რათა შეამცირონ სტერეოტიპული და დისკრიმინაციული აზროვნება ახალგაზრდებში.
-ახალგაზრდა ლიდერებს შორის გამოცდილებების და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება.
-ევროპაში და მეზობელ ქვეყნებში მცხოვრები უმცირესობების ჩართვა და გააქტიურება.
-ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის არასამთავრობო ორგანიზაციების ერთმანეთთან დაკავშირება და თანამშრომლობის ჩამოყალიბება. მსგავს თემებზე მომუშავე ახალგაზრდა ლიდერების ქსელის შექმნა, რომლებიც მომავალში საერთო პროექტებზე იმუშავებენ ანტი-დისკრიმინაციის და ინტერკულტურული დიალოგის სფეროში.
ტრენინგ კურსი დავიწყეთ პროექტის გახსნით, ერთმანეთის გასაცნობი აქტივობებით და სახალისო თამაშებით, რომლებმაც ხელი შეუწყვეს მონაწილეებს, გამოსულიყვნენ კომფორტის ზონიდან. მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, გუნდის მშენებლობის აქტივობების, თეატრალური წარმოდგენების და ჯგუფური სამუშაოების დახმარებით, გაეცნოთ ახალი მეგობრები, რომლებთან ერთადაც 7 დღის განმავლობაში გამოიკვლიეს სტერეოტიპების გავლენა სხვადასხვა კულტურებში და შეისწავლეს ახალი მეთოდოლოგიები, რომლებსაც გამოიყენებენ თავიანთ ქვეყნებში ახალგაზრდებთან მუშაობის დროს. ეს ტექნიკები დაეხმარებათ მათი ბენეფიციარებისთვის სხვადასხვა უნარების განვითარებაში, როგორებიცაა ემპათია, კრიტიკული აზროვნება, გუნდური მუშაობა, კრეატიულობა. არაფორმალურ განათლებაზე დაფუძნებული სავარჯიშოები მიზნად ისახავდა სიძულვილის ენის ამოცნობას, სტერეოტიპული აზროვნების შეცვლას, სუბიექტური და ობიექტური აზრების გამიჯვნას, სხვადასხვა უმცირესობებისთვის ინკლუზიური გარემოს შექმნას და ინტერკულტურული უნარების ჩამოყალიბებას. ამასთან, ინტერკულტურული საღამოების დახმარებით მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა გაეცნოთ ერთმანეთისთვის საკუთარი ქვეყნის კულტურა, კერძები, ცეკვები და ტრადიციები.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace