ბაკურიანში 15-24 მაისს ახალგაზრდული მუშაკები, ახალგაზრდა ლიდერები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პროექტისთვის „Mind Full, Stress Less” რვა ქვეყნიდან ჩამოვიდნენ. ეს ქვეყნებია: საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ნიდერლანდები, საფრანგეთი, გერმანია და ხორვატია. პროექტი სოციო-ემოციური სწავლების და არაფორმალური განათლების მეთოდოლოგიებზე დაყრდნობით ჩატარდა.
მონაწილეებმა ერთი კვირის განმავლობაში ისწავლეს სხვადასხვა სოციო-ემოციური სწავლების მეთოდები ისეთი უნარების განსავითარებლად, როგორებიცაა როგორებიცაა ემოციების მართვა, პატივისცემა, ემპათია, აქტიური მოსმენა, კონფლიქტის მართვა, სოციალური ცნობიერება, საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების გაანალიზება, კრიტიკული აზროვნება, ურთიერთობების დამყარება, მიზნების დასახვა და გადაწყვეტილებების მიღება.
ინტერკულტურული გაცვლითი პროექტები ამ უნარების განსავითარებლად განსაკუთრებულ შესაძლებლობას იძლევა. მონაწილეებმა ერთმანეთის თანადგომით, ცოდნის და გამოცდილების გაზიარებით, ინკლუზიური მიდგომით შეძლეს არსებული კულტურული და ენის ბარიერების გადალახვა და სასწავლო მიზნების მიღწევა.
მონაწილეები მომავალში შეძლებენ გამოიყენონ პროექტის ფარგლებში ნასწავლი მეთოდები ახალგაზრდებთან სამუშაოდ და დაეხმარებიან მათ ზემოთ ჩამოთვლილი უნარების განვითარებაში.
პროექტი ჩატარდა კავკასიის ახალგაზრდული კავშირის და Fire Flies ორგანიზაციის თანამშრომლობით, ერასმუს+ პროგრამის მხარდაჭერით.